ასტრონომებმა ახალი პლანეტა, მეგა-დედამიწა, იპოვეს

kepler 10c smaller

ჰარვარდის ასტროფიზიკის ცენტრმა 2 ივნისსპრესრელიზი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ცენტრის ასტრონომებმა ახალი პლანეტა აღმოაჩინეს.

თეორეტიკოსები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამ ზომის მყარი პლანეტის არსებობა შეუძლებელი იყო, რადგან ნებისმიერ ციური სხეული, რომელიც დედამიწას ზომით 17-ჯერ აღემატება, დაიწყებდა წყალბადის გაზის მოგროვებას, რაც მას საბოლოოდ იუპიტერის ტიპის გიგანტად აქცევდა, რომელიც უმეტესწილად გაზისგან შედგება.

მეცნიერებს უჭირთ ამ ფენომენის ახსნა, თუმცა ახალი მტკიცებულებები მიანიშნებენ იმაზე, რომ ახლადაღმოჩენილი პლანეტა ერთადერთი მსგავსი ტიპის პლანეტა არ არის.

მეგა-დედამიწა ზომით აღემატება ყველა აქამდე აღმოჩენილ მყარ პლანეტას.

ჰარვარდის პრესრელიზში ნათქვამია, რომ მეგა-დედამიწა მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ერთი წრის დარტყმას 45 დღეს ანდომებს და დედამიწიდან 560 სინათლის წლით არის დაშორებული.

აღმოჩენის პრეზენტაცია ამერიკის ასტრონომიული ასოციაციის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.

“ამ პლანეტის აღმოჩენა ამტკიცებს იმას, რომ მყარი პლანეტების ფორმირება იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ჩვენ გვეგონა. სიმყარის ფორმირება ნიშნავს, რომ ამავე პირობებში შესაძლებელი სიცოცხლის ფორმირებაც” – ამბობს ერთერთი მკვლევარი, დიმიტრი სასელოვი.

აღმოჩენა პოტენციურად ზრდის სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოჩენის შესაძლებლობას.

მძიმე ჭრილობებისგან პაციენტის გადასარჩენად მათ გაყინავენ

150974

პენსილვანიის ქალაქ პიტსბურგის საავამყოფოში UPMC, 2014 წლის აპრილის ბოლოს გეგმავენ ანაბიოზის შეყვანის ახალი კლინიკური ტექნოლოგიით ჭრილობების მქონე პაციენტების მკურნალობას. ეს მეთოდიკა საშუალებას მისცემს ექიმებს მოიგონ დრო ორგანიზმის გადასარჩენად სერიოზული დაზიანებების დროს.

„ჩვენ ნამდვილად ვაჩერებთ სასიცოცხლო პროცესებს, თუმცა არ გვინდა, ამას ანაბიოზმი ვუწოდოთ, რადგან ეს ძალიან დაემსგავსება სამეცნიერო ფანტასტიკას. ამიტომ ჩვენ ამას ვუწოდებთ ავარიულ კონსერვაციას და რეანიმაციას“, – ამბობს საავადმყოფოს ქირურგი სემუელ ტიშერმანი.

ტექნოლოგიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიზმში არსებულ ადამიანის სისხლის მთელ მარაგს სპეციალურ ფიზიოლოგიურ ხსნარს ურევენ. ნაზავი სწრაფად აციებს სხეულს (10°C – 15 °C -მდე) და აჩერებს თითქმის ყველა ქსოვილის აქტივობას.

„თუ მსგავს პროცედურას ჩაატარებთ პაციენტზე, რომელიც უკვე ორი საათის გარდაცვლილია, ის რა თქმა უნდა არ იმუშავებს. მაგრამ, როცა ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალია, მაშინ მისი გადარჩენა და ჭრილობების მორჩენა სრულად შეიძლება“, – ამბობს არიზონას უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ რი, რომელიც მეთოდიკის შემუშავებაზე მუშაობდა.

ორგანიზმის გაყინვის ტექნოლოგიის უპირატესობა უკვე დიდი ხანია ცნობილია. სხეულის ნორმალური ტემპერატურის – 37°C პირობებში, ენერგიის წარმოებისთვის ქსოვილებს სჭირდება ჟანგბადის მიწოდება. მაგრამ, მაშინ, როცა გული ჩერდება, სისხლს ვეღარ გადააქვს ჟანგბადი ქსოვილებისკენ. ჟანგბადის გარეშე კი, ტვინს მხოლოდ 5-7 წუთი შეუძლია ფუნქციონირება.

ამასთან, სხეულის უფრო დაბალი ტემპერატურის დროს ქსოვილებს უფრო ნაკლები ოდენობის ჟანგბადი ესაჭიროება, რამდენადაც ორგანიზმში ყველა ქიმიური პროცესი შეჩერებულია. ეს ეფექტი ვლინდება იმაში, რომ როდესაც ადამიანი ჩავარდება გაყინულ წყალში, ნახევარი საათის გასვლის შემდეგაც კი, მას აქვს გადარჩენის შანსი.

ახალი ტექნოლოგიის დანერგვამდე ცდები ღორებზე ჩაატარეს. ცხოველები დააძინეს, შემდეგ მათ კანზე ჭრილობების იმიტაცია მოახდინეს. ამის შემდეგ, ჭრილობდან წამოსული სისხლი ამოიღეს და ის ჩაანაცვლეს გაყინული კალიუმის ან ფიზიოლოგიური ხსნარით, შედეგად ორგანიზმის ტემპერატურა 10°C-მდე დაეცა. ჭრილობების დამუშავების შემდეგ სხეული ნელ-ნელა გაათბეს და ხსნარი კვლავ ცხოველების რეალური სისხლით ჩაანაცვლეს.

შედეგი დადებითი აღმოჩნდა: ყველა ღორი გამოღვიძების დროს უკვე ჯანმრთელი იყო და შეეძლოთ დამოუკიდებლად გადაადგილება. არ დაფიქსირდა არავითარი ფიზიოლოგირი დარღვევა.

მარადონამ გამქურდეს და თან რქებს მადგამენო

150984

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, საბოლოოდ დაშორდეს მეგობარ გოგოს, რომელსაც პარალელურად სახლიდან ნივთების მოპარვაში ადანაშაულებს.

Eurosport-ის ცნობით, 23 წლის მოდელი როსიო ოლივა ერთი ხანობა დუბაიში მარადონას სახლში ცხოვრობდა. არგენტინელის თქმით, როსიო ხშირად მისი არ ყოფნით სარგებლობდა და სახლიდან ფულსა და ძვირფას ნივთებს იპარავდა. საუბარია დაახლოებით 250 ათასი ფუნტ სტერლინგის ღირებულების საათებზე და სამკაულებზე.

თავად ოლივა ქურდობის ფაქტებს უარყოფს: ”არაფერიც არ მომიპარავს და არც ჩვენს შორის ურთიერთობა დასრულებულა – სიყვარული ცოცხლობს. ბევრი ადამიანი მუდმივად ერეოდა ჩვენს ურთიერთობებში და როგორც ჩანს, მათმა ასეთმა მცდელობამ შედეგი გამოიღო”.

14 თებერვალს, წმინდა ვალენტინის დღეს მარადონამ და ოლივამ დაქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ მალევე 53 წლის მარადონამ სკანდალი ატეხა, აქაოდა საცოლე მღალატობსო.

ირკვევა, რომ დიეგოს ”მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელ კარის დარაჯ დევიდ დე ხეაზე უეჭვიანია, რომელთანაც როსიოს თითქოსდა მიმოწერა ჰქონია სოციალურ ქსელში.  თავად დე ჰეიამ კი მოგვიანებით განაცხადა, რომ როსიო ოლივას ცხოვრებაში არ შევხვედრივარო.

ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობის მქონე ანგარიში, რომლითაც მატჩი ოდესმე დამთვრებულა

1010144_491113560994244_1867012426_nფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობის მქონე ანგარიში, რომლითაც მატჩი ოდესმე დამთვრებულა, იყო 149:0! ეს იყო პროტესტის ერთგვარი ფორმა: 2002 წელს Stade Olympique de L’emyrne (SOE)-სა და AS Adema of Madagascar-ს შორის გამართული შეხვედრის დასასრულს ( როცა ანგარიში 2:2 იყო ), მსაჯმა დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რამაც გამოიწვია SOE-ს დამარცხება. პროტესტის ნიშნად, შემდეგ შეხვედრაზე SOE-ს მოთამაშეებმა გამიზნულად გაიტანეს თავიანთ კარში 149 გოლი.

სოჭი ოლიმპიადის შემდეგ

2 3 4 5 6 7 11_0 12 13 1_0ჯერ კიდევ 6 კვირის წინ სოჭი სპორტული ცენტრი იყო. ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ კი ქალაქი ათიათასობით ადამიანმა დატოვა. დღეს ქუჩები ცარიელია. ფოტოგრაფ ალექსანდრ ვალოვმა სოჭს ”მკვდარი ქალაქი” უწოდა

ალან რენე, 91

D954BCAE-455D-4BA2-9EFC-08859836B489_w640_r1_s_cx17_cy14_cw81

2014 წლის 1 მარტს, 91 წლის ასაკში დიდი ფრანგი კინორეჟისორის, ალან რენეს გარდაცვალების ცნობამ კინომოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაამწუხრა. დაამწუხრა არა მხოლოდ ბუნებრივი და გასაგები სევდის გამო, დიდი ხელოვანების სიკვდილს რომ ახლავს თან; არც იმის გამო, რომ ვინმე მისგან კვლავ ელოდა კინოენის „გადატრიალებას“ (მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა ფილმების გადაღებას, მისი უკანასკნელი ნამუშევრის – „სიყვარული, დალევა და სიმღერა“ – პრემიერა სულ ახლახან შედგა ბერლინის კინოფესტივალზე), არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ რენე იმ დროის და სივრცის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელია, რომელსაც „კინოდრო და კინოსივრცე“ შეგვიძლია ვუწოდოთ.

ესაა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის, 50-60-იანი წლების საფრანგეთი, სადაც,  შეიძლება ითქვას, რომ ჰაერიც კი კინოთი იყო გაჟღენთილი. აღსანიშნავია, რომ ალან რენე არ ყოფილა „ახალი ტალღელი“, ყოველ შემთხვევაში, ის ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა „კაიე დუ სინემას“ დაჯგუფებას. მიუხედავად ამისა, მას, იმავე „ახალტალღელებთან“ ერთად, კინოენის აღორძინებასა და ხელახლა აღმოჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. რჩება შთაბეჭდილება, რომ თუ „ახალტალღელები“ მთავარ ინსპირაციას ისევ და ისევ კინოში პოულობდნენ, რენესთვის მთავარი შთამაგონებელი ლიტერატურა იყო. თუმცა ეს  ზედაპირული შეხედულებაა, რომელსაც თავისი ობიექტური საფუძვლები აქვს. საკმარისია, თვალი გადავავლოთ მის ჯერ კიდევ 40-იან წლებში გადაღებულ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს და ცხადად დავინახავთ – „რენეს სტილს“ საფუძველი მარგარეტ დიურასისა თუ ალან რობ-გრიეს პროზაში ნამდვილად არ უდევს (არა მხოლოდ კინემატოგრაფიულ სტილს, არამედ ზოგადად მსოფლმხედველობას, თემას, სიუჟეტს, რაც საბოლოო ანალიზისას, ერთი და იგივეა – ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა 1956 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი „სამყაროს მთელი მეხსიერება“). ეს ავტორები, რომელთა ნაწარმოებების ეკრანიზაციითაც რენემ ყველა დროის შედევრები შექმნა, მისთვის უბრალო „საბაბია“ – ახალი ტიპის ლიტერატურის შექმნის მცდელობა კარგად მოერგო  ახალი ტიპის კინემატოგრაფის შექმნის მცდელობის იდეას.

ალან რენე კინოში მონტაჟის შესწავლის შემდეგ მივიდა და შემთხვევითი არ არის, რომ მისი შემოქმედების მთავარი მახასიათებელი სწორედ რიტმულობაა. სიუჟეტური თვალსაზრისითაც რენე, მისი თანამედროვე თანამემამულეებისგან განსხვავებით, ურთულეს  თემებს შეეჭიდა – საკონცენტრაციო ბანაკები, ატომური ბომბი, ოკუპაცია და წინააღმდეგობის მოძრაობა – თემები, რომლებიც სინამდვილეში ერთი დიდი, აბსტრაქტული და არცთუ ისე ადვილად მოსახელთებელი ნიშნის ქვეშ ერთიანდება: მეხსიერება, თავად მნენომური პროცესი და ადამიანური პერცეფცია.

სწორედ აქედან იბადება რენესთვის დამახასიათებელი არაკონვენციური თხრობის მანერა, სწორედ ამის გამოა, რომ ერთი მხრივ კრიტიკოსებს უჭირთ პარალელების მოძიება (ზოგიერთი მას ხმოვანი კინოს პირველ მოდერნისტს უწოდებდა, ზოგიც კუბისტური პერიოდის პიკასოსა და ბრაკს ახსენებდა, ზოგს „თრეველინგების“ ხშირი გამოყენების გამო ეიზენშტეინი და მისი „ოქტომბერი“ აგონდებოდა, ზოგიერთი  ფორმულასაც კი იგონებდა – „სტრავინსკი + ფოლკნერი“), მეორე მხრივ კი, ტრადიციულ კინონარატივს შეჩვეული პუბლიკა, რენეს ფილმების ყურებისას იძულებულია, დაძაბოს გონება, მთელი არსით ჩაერთოს ფილმში, სცადოს, ერთმანეთში აზელილი სუბიექტური და ობიექტური ერთმანეთისაგან განასხვაოს, რათა რამენაირად მოიხელთოს ფრაგმენტირებულად, არალოგიკურად „მოწოდებული“ სიუჟეტი.

პირველი ფილმი, რომელმაც საყოველთაო ყურადღება მიიპყრო, „ღამე და ნისლი“ იყო – 1955 წელს გადაღებული ფილმი ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ, რომელიც დღემდე კინოდოკუმენტალისტიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევა, შოკი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. საარქივო მასალებით, შავ-თეთრი ფოტო-ვიდეოარქივითა და უკვე დაცარიელებული ბანაკების ფერადი კადრებით აგებული ფილმი, ცენზურას ბოლომდე მაინც ვერ გადაურჩა. ეს იყო პირველი ნამუშევარი, რომელიც ფაშისტების მიერ ჩადენილ საკაცობრიო დანაშაულზე, ყოველგვარი ემოციებისა და სენტიმენტების გარეშე  ცდილობდა რეფლექსიას. რენე აქაც, გარკვეულწილად, მეხსიერებით შთაბეჭდილებას ეყრდნობოდა – ერთადერთი კომენტარი, რომელიც ფილმს ახლავს თან, ფრანგი მწერლისა და პოეტის, საკონცენტრაციო ბანაკგამოვლილი ჟან კეიროლის მიერაა დაწერილი.

რენეს კამერა არ აღბეჭდავს ობიექტურ სინამდვილეს, მისი ფილმები პერსონაჟთა გონებითა თუ მეხსიერებით ინტერპრეტირებულ რეალობას წარმოგვიდგენს. და თუ პიერ პაოლო პაზოლინის თქმით, ყოველი სიზმარი თუ მოგონება გარკვეულწილად კინოეპიზოდია, თუ კინემატოგრაფიის პირველადი ნიშანი მისი სიზმრისეულობა და ონირიული ბუნებაა, მაშინ რენეს შემთხვევაში საქმე გვაქვს „პოეტურ კინოსთან“. გაუთავებელი, ერთი და იმავე სისწრაფით მოძრავი „თრეველინგები“, მონტაჟური რიტმი, რომელიც მუსიკალური რიტმივით აღიქმება, დროისა და სივრცის განკერძოებითა თუ ურთიერთშერწყმით რენე არა მხოლოდ საკუთარ, უნიკალურ სტილს ქმნის, არამედ ზოგადად კინოენას ახალი მიმართულებით უხსნის გზას. თუმცა არც ერიკ რომერი ცდება, როდესაც აღნიშნავს, რომ ამ გზას „არსაით“ მივყავართ – აღარავინ დასდგომია ამ გზას, ის კი არა, თავად რენემაც მალევე მიატოვა, თუმცა კინოს ისტორიაში მაინც სამუდამოდ დაიკავა ადგილი.

2012 წელს ეკრანებზე გამოვიდა რენეს ფილმი სახელწოდებით „თქვენ ჯერ კიდევ არაფერი გინახავთ“. არც ფორმალური და არც შინაარსობრივი თვალსაზრისით, ეს ფილმი არ ეხმიანება რენეს ადრინდელ ნამუშევრებს, სამაგიეროდ, სათაური გვახსენებს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფრაზას, რეფრენად რომ გასდევს ფილმს „ჰიროშიმა, ჩემი სიყვარული“ („შენ არაფერი გინახავს… ჰიროშიმაში“). და თუ სადმე არსებობს კინომოყვარული, რომელმაც „რაღაცნაირად“ მოახერხა და გვერდი აუარა ისეთ შედევრებს, როგორიცაა ზემოხსენებული „ჰიროშიმა“, „შარშან მარიენბადში“, „ომი დამთავრდა“, „მიურიელი ანუ დაბრუნების დრო“, ანდაც უფრო გვიანდელი „ჩემი ამერიკელი ბიძა“, თამამად შეგვიძლია მას სწორედ ამ სნობურ-ელიტისტური ფრაზით მივმართოთ (ეს ფრაზა გარკვეულწილად თავად რენეს ელიტიზმით იქნება გამართლებული).

ინგლისსა და უელსში ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა

geiინგლისსა და უელსში ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კამერონმა წყვილებს უკვე მიულოცა.Associated Press-ის ცნობით, ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 2/3 უჭერს

ჯაბა კანკავა: გმირი არ ვარ, ჩემს ადგილას ყველა ასევე მოიქცეოდა

111_dynamo.kiev_.ua_111_1975

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატში, დნეპროპეტროვსკის დნიპროსა და დინამო კიევს შორის მატჩში მომხდარმა ინციდენტმა, როდესაც შეჯახების შედეგად გონებადაკარგული დინამოელი, ოლეგ გუსევი ქართველმა ჯაბა კანკავამ სიკვდილს გადაარჩინა, მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

კანკავას საქციელის შესახებ, ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა კონტინენტის გამოცემებმა დაწერეს, მათ შორის იყვნენ Mirror, Independent, The Guardian, Telegraph, Fifa.com და ა.შ.

გუშინ გავრცელდა კლინიკის მთავარი ექიმის კომენტარი, სადაც დაშავებული ოლეგ გუსევი მკურნალობს. მიხაილ რადუცკიმ განაცხადა, რომ კანკავას მიერ დროულად აღმოჩენილი დახმარების გარეშე, შანსი იმისა, რომ გუსევის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა, დიდი იყო.

დღეს, უკრაინულ და რუსულ მედიაში, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის პირველი კომენტარი გავრცელდა. კანკავას თქმით, მას განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია და თვლის, რომ მის ადგილას ყველა ასევე მოიქცეოდა.

“ეპიზოდისას, გუსევთან ყველაზე ახლოს ვიმყოფებოდი, ამიტომ შევეცადე დავხმარებოდი. საქმე იმაშია, რომ მსგავსი შემთხვევა საქართველოს ნაკრებშიც მომხდარა, შესაბამისად, ვიცოდი როგორ მემოქმედა. შეხვედრის შემდეგ ოლეგთან არ მისაუბრია. თავს გმირად არ მივიჩნევ, საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე. ვთვლი, რომ ჩემს ადგილას ყველა ასევე მოიქცეოდა. შესაძლოა, ჩემ გარეშეც ყველაფერი კარგად ყოფილიყო. ახლა მთავარი ის არის, რომ ოლეგს ყველაფერი კარგად ჰქონდეს”, – განაცხადა ჯაბა კანკავამ.

ექიმი: კანკავამ გუსევი სიკვდილისგან იხსნა

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩში დნეპროპეტროვსკის დნიპროსა და დინამო კიევს შორის, უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა. შეხვედრის 22-ე წუთზე, მეკარის საჯარიმო მოედანში მაღალი ბურთისთვის დინამოელთა კაპიტანი ოლეგ გუსევი და დნიპროს ფეხბურთელი ჯაბა კანკავა იბრძოდნენ, მაგრამ ორივეს კანკავას თანაგუნდელმა ბოიკომ დაასწრო.

მასპინძელთა კიპერი გუსევს ისე შეეჯახა, რომ გონება დააკარგვინა. უკრაინის ნაკრების ფეხბურთელს ენა ეყლაპებოდა, რაზეც მისი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა კანკავამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და გუსევს აუცილებელი პირველადი დახმარება გაუწია. როგორც შემდგომში გაირკვა, ქართველმა დინამოს კაპიტანი სიკვდილს გადაარჩინა.

გონს მოსული გუსევი საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. ფეხბურთელს თავის ქალის დაზიანება და მძიმე ტვინის შერყევა დაუფიქსირდა. შეჯახების შედეგად, გუსევმა სამი კბილი დაკარგა.

კლინიკის მთავარმა ექიმმა და პრეზიდენტმა, სადაც დინამოს კაპიტანი მკურნალობის კურსს გადის, მოგვიანებით ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა.

“ოლეგის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის კვლავ გადის გარკვეულ გამოკვლევებს. ის ცნობილია, როგორც ძლიერი ადამიანი, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ სამედიცინო რეაბილიტაციის პროცესი არ იქნება ძალიან ხანგრძლივი და მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული დინამოს ექიმებზე. დნიპროს ფეხბურთელმა, ჯაბა კანკავამ, ოლეგის სიცოცხლე იხსნა. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ზომები დროზე იქნა მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი სავალალო იქნებოდა. კანკავა მოქმედებდა, როგორც ძალიან კვალიფიციური პირველადი სასწრაფო დახმარების ექიმი,” – განაცხადა კლინიკა ბორისო-ს პრეზიდენტმა, მიხაილო რადუცკიმ.

რაც შეეხება შეხვედრას დნიპროსა და კიევის დინამოს შორის, ის ხსენებული ინციდენტის შემდეგ გაგრძელდა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით – 2:0 დასრულდა. ჯაბა კანკავამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა.